საიდან ჩნდებიან გოგოები და ბიჭები

ერთი შეხედვით, ძალიან მარტივი საკითხია, რომლის შესახებაც ინფორმაცია, ჩემი აზრით, ყველას აქვს. თუმცა, დღეს, ბლოგებზე ხეტიალისას, აღმოვაჩინე “საინტერესო ფაქტების” ტიპის პოსტი, სადაც,  დიადი ბიოლოგიური სისულელე ეწერა. ციტატა:

ჩასახვის მომენტში ყველა ცოცხალი არსება მდედრობითი სქესის გახლავთ. მხოლოდ გამორჩეული ემბრიონები , განვითარების მე–6 კვირაში იკრებენ ძალას და იძენენ მამრობიტი სქესის ნიშნებს.

გადავწყვიტე, რომ დროა ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებაზე დავწერო, სანამ ვინმემ დაიჯერა ის, რომ მდედრობითი სქესის ემბრიონი მამრობითად იქცევა, თანაც იმ შემთხვევაში თუ ის “განსაკუთრებულია”.

თუ არ ვცდები, წინა პოსტში განვიხილე, რომელი უჯრედები არის საჭირო ადამიანის შესაქმნელად: სპერმატოზოიდები  – მამაკაცის და კვერცხუჯრედები ქალის მხრიდან.

ცოტა უფრო ზოგად საკითხზე გადავალ და ვიტყვი, რომ ადამიანის ორგანიზმში, უჯრედების უმეტესობა შეიცავს ბირთვს, რომელშიც მოთავსებულია ქრომოსომების წყვილები. ხოლო თავად ქრომოსომები, შეიცავენ გენებს(ჩვენი შთამომავლობით გადმოსული ინფორმაციის მატარებლებს) სხვა და სხვა  ცოცხალი ორგანიზმისთვის, ქრომოსომების განსხვავებული ნაკრებია დამახასიათებელი. ადამიანის უჯრედი 46 ქრომოსომას შეიცავს, რომლებიც წყვილებად არიან განლაგებული. ამას ქრომოსომების დიპლოიდური ნაკრები ეწოდება. ამ ქრომოსომებს ადამიანი იღებს დედისგან და მამისგან თანაბრად, ანუ 23 ქრომოსომას დედისგან, ხოლო 23-ს მამისგან, რომლებიც მერე შესაბამისად წყვილდებიან და გადაეცემიან ახალ ადამიანს – ახალ გენეტიკურ ნაკრებად.

იმისთვის, რომ ქრომოსომების რაოდენობა ზუსტი იყოს, ადამიანის სასქესო უჯრედები (სპერმატოზოიდები და კვერცხუჯრედები), ჩამოყალიბების პროცესში კარგავენ ქრომოსომების წყვილიდან თითოს, და რჩებიან 23 ქრომოსომით. ამას ქრომოსომების ჰაპლოიდური ნაკრები ეწოდება. შესაბამისად, როდესაც სპერმატოზოიდი ანაყოფიერებს კვერცხუჯრედს, მისი 23 ქრომოსომა, ერწყმის კვერცხუჯრედის 23 ქრომოსომას და წარმოიქმნება ახალი დიპლოიდური ნაკრები 23 წყვილით ანუ 46 ქრომოსომით.

23 წყვილიდან, ბოლო არის სასქესო ანუ ქრომოსომები, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის სქესს. მდედრობითი სქესის ქრომოსომა X-ით აღინიშნება, ხოლო მამრობითი Y-ით.  მდედრობით სქესს განსაზღვრავს წყვილი XX ( X ქრომოსომა დედისგან და X ქრომოსომა მამისგან), ხოლო მამრობით სქესს XY წყვილი (X ქრომოსომა დედისგან და Y ქრომოსომა მამისგან). დადგენილია, რომ კვერცხუჯრედები, შეიცავენ მხოლოდ X ქრომოსომას, ხოლო სპერმატოზოიდები შეიძლება შეიცავდნენ, როგორც X-ს, ასევე Y-ს.  ის, თუ რა სქესის იქნება ბავშვი, მთლიანად არის დამოკიდებული იმაზე,  რომელი ქრომოსომის მატარებელი სპერმატოზოიდი გაანაყოფიერებს კვერცხუჯრედს და მისი სქესი განისაზღვრება განაყოფიერებისთანავე (და არა 3, 6 ან 15 კვირის შემდეგ)

აქვე დავამატებ იმას, რომ ის, თუ რომელი ქრომოსომის მატარებელი იქნება გამნაყოფიერებელი სპერმატოზოიდი სრულიად შემთხვევითია, შესაბამისად ბავშვის სქესის დაგეგმვის ნებისმიერი მცდელობა ფუჭია (ხალხში ცნობილი წლების გამოთვლის, ან კვების სპეციალური რაციონის და ა.შ. მეთოდები ) :)

კონტრაცეპტივები, ანუ როგორ დავიცვათ თავი მოულოდნელი ორსულობისგან

სანამ უშუალოდ იმ საკითხზე გადავალ, რომლის განხილვასაც ამ პოსტში ვაპირებ, მანამდე მოკლე მიმოხილვა იმის, თუ როგორ ხდება ჩასახვა და რა არის ამისთვის საჭირო:

1. სასქესო უჯრედები.

ასეთებია

კვერცხუჯრედი:

ის ქალის სასქესო ორგანოში, საკვერცხეში მწიფდება, ამისთვის დრო არის საჭირო და ეს პროცესი ორგანიზმში ქალის სასქესო ჰორმონებით წარიმართება.  კვერცხუჯრედი მომწიფების შემდეგ საკვერცხედან გამოდის და მილების საშუალებით საშვილოსნოში გადადის. მის საკვერცხედან გამოყოფას ოვულაცია ეწოდება. ოვულაციის შემდეგ, კვერცხუჯრედი ცოცხლობს დაახლოებით 12-დან 48 საათის განმავლობაში, თუ ამ პერიოდში განაყოფიერება არ შედგა, რამდენიმე ხნის შემდეგ, ხდება საშვილოსნოს შიდა ფენის აშრევება და სისხლდენა, რომელსაც მენსტრუაციის სახელით ვიცნობთ.  ოვულაცია, მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდში ხდება.

სპერმატოზოიდი:

ამ უჯრედების ჩამოყალიბება მამაკაცის სათესლეებში ხდება. მომწიფების შემდეგ, ხდება მათი გადასვლა სათესლე ბუშტუკებში, საიდანაც ისინი თავისუფლდებიან სქესობრივი აქტის კულმინაციისას. ქალის სასქესო ორგანოში მოხვედრის შემდეგ, სპერმატოზოიდები უფრო მეტად აქტიურდებიან და თავისი კუდის მოძრაობით, მიემართებიან კვერცხუჯრედისკენ. მილიონობით სპერმატოზოიდიდან მხოლოდ ერთი ანაყოფიერებს კვერცხუჯრედს.

როგორ მუშაობს კონტრაცეპციის სხვა და სხვა საშუალება

პრეზერვატივები (იგივე კონდომები)

ისინი წარმოადგენენ მექანიკურ ბარიერს სპერმატოზოიდსა და კვერცხუჯრედს შორის. კარგი ხარისხის, სწორად გამოყენებული პრეზერვატივი უბრალოდ არ “უშვებს” სპერმატოზოიდებს კვერცხუჯრედებამდე და ჩასახვა არ ხდება.

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები:

აბების მიღება ხდება ყოველ დღე, ჩვეულებრივ 21 დღის განმავლობაში. ისინი შეიცავენ კვერცხუჯრედის მომწიფების წარმმართველ ჰორმონებს. მათი მიღებით, ხდება ჩარევა კვერცხუჯრედის მომწიფების პროცესში, რის შედეგადაც არ ხდება კვერცხუჯრედის მომწიფება და ოვულაცია, შესაბამისად არ ხდება ჩასახვა.

იგივე შეიძლება ითქვას სხვა ჰორმონულ საშუალებებზე, მაგალითად ვაგინალურ რგოლებზე. მათი შეყვანა ხდება საშოში, საიდანაც ისინი ახდენენ ჰორმონების გამოყოფას და ასევე აფერხებენ კვერცხუჯრედის მომწიფების შეფერხებას.

 

სპერმიციდები:

სპერმიციდები გამოდის მალამოების/სანთლების სახით. მათი შეყვანა ხდება საშოში სქესობრივ კავშირამდე რამდენიმე წუთით ადრე.  ისინი ანადგურებენ სპერმატოზოიდებს საშოში, არ აძლევენ მათ საშვილოსნომდე მიღწევის საშუალებას, რის შედეგადაც ჩასახვა არ ხდება.

სპირალი:

სპირალის ჩადგმა ხდება საშვილოსნოს ყელში. ის შეიძლება იყოს ჰორმონული ან არაჰორმონული.არაჰორმონული სპირალი წარმოადგენს მექანიკურ ბარიერს სპერმატოზოიდებსა და კვერცხუჯრედებს შორის. ჰორმონული სპირალი კი, გარდა მექანიკური წინააღმდეგობისა, ამცირებს ოვულაციების რაოდენობას. შესაბამისად ჩასახვის შესაძლებლობასაც.

აი, ეს არის ჩამონათვალი ძირითადი ჩასახვისსაწინააღმდეგო საშუალებების და მათი მოქმედების ზედაპირული განხილვა. უფრო დეტალური განხილვა საჭიროებს ადამიანის ფიზიოლოგიური პროცესების უფრო დეტალურ ახსნას, რაც ჯერ-ჯერობით მეზარება :) კითხვების არსებობის შემთხვევაში დატოვეთ კომენტარები. თუ გაინტერესებთ ჰორმონული აბების მოქმედების უფრო სიღრმისეული განხილვა, მომწერეთ კომენტარებში და ამას ცალკე პოსტს მივუძღვნი.

გახსოვდეთ, ჩამოთვლილი საშუალებებიდან ნებისმიერის(პრეზერვატივების გარდა) არჩევისას, ქალმა უნდა მიმართოს გინეკოლოგს, რათა მოხდეს მისთვის შესაფერისი და მოსახერხებელი მეთოდის შერჩევა.

სიცივეში – არ ცივდებიან!

პოსტის ავტორი: გიორგი ფირცხალავა

ვინ დათვლის რამდენჯერ უთქვამს დედას -”გარეთ მასე ნუ გახვალ, რამე მოიცვი თორემ გაცივდებიო”? ვიცი, ძალიან ბევრჯერ! მაგრამ გამოუცდელ ხალხს კი არა, თავად პროფესიონალ ექიმებსაც კი ეშლებათ და ეს მითი – სიმართლე ჰგონიათ.

საყოველთაოდ უკვე მიღებული და აღიარებული ნორმაა, რომ თუ წვიმაში ან თოვლში, სულაც ცივ ამინდში მოხვდი… გაცივდები. არაფერს ვამბობ ორპირ ქარზე (“სკვაზნიაკი”), გაოფლიანებულზე, იგივე “გარეთ მასე ნუ გახვალ” ზე.

სინამდვილეში კი, გაციება – ვირუსული ინფექციაა და ის ისევე უნდა შეგხვდეს, როგორც სხვა ბევრი ვირუსი და არა, არ აქვს მნიშვნელობა დღეს რამდენი ნაყინი შეჭამე ან როგორ იგუნდავე, თუ ვირუსი არ მოხვდა შენს ორგანიზმში, არ გაცივდები.

“ჩვეულებრივი გაციება” ან უბრალოდ “გაციება” კი ორგანიზმში სხვადასხვა სახით ხვდება, ყველაზე ხშირად – თუკი უკვე დაავადებული ადამიანი თქვენთან ახლოს ახველებს, ან კარის სახელურიდან – თუნდაც ტელეფონის ყურმილიდან გადადის (ან შეყვარებულის კოცნით :D ).

ახლა ალბათ ფიქრობთ, კი მაგრამ – აბა ზამთარში რატომ ვცივდები უფრომ მეტადო? იმიტომ რომ წლის ამ დროს, ადამიანები სახლში ყოფნას ამჯობინებენ, იზრდება დაავადებულ ადამიანთან კონტაქტის რისკი, ხოლო ოთახები სულ უფრო იშვიათად ნიავდება.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გაციებას წამალი არ გააჩნია! ჰო, ვერც ბებიის მომზადებული სუპი თუ ბულიონის კერძი გიშველით, თუმცა ამ ვირუსის საწინააღმდეგო წამლები უკვე გამოგონილია და ამჟამად კლინიკურ გამოცდას გადის. დღეს-დღეისობით კი, დაახლოებით  7-10 დღეში, ორგანიზმი თავისით ერევა ამ ვირუსს.

მიუხედავად ამისა, გაციების ვირუსი – ყველაზე უფრო გავრცელებული დაავადებაა ადამიანებს შორის და როგორც ეტყობა, კიდევ დიდხანს დარჩება ლიდერად.

მოკლედ, მომავალში, როცა გარეთ გასვლა მოგინდებათ, ქურთუკის ძებნა საჭირო არ არის, შეგიძლიათ თამამად გამოტანტალდეთ შიშველი, ველური ყიჟინით (თუმცა ყიჟინა ეფექტურად ვერ დაგიცავთ არაკომფორტული სიცივისგან, სამაგიეროდ – მხიარულია).

ჯანმრთელ ზამთარს გისურვებთ!

 

წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Common_cold

ამბავი ვირუსების გამომწვევ ბაქტერიებზე

აბა აიწიეთ ხელი, ვინც გამოიცანით სადაა შეცდომა სათაურში?
სწორია, თვითონ სათაურია სრული აბსურდი. თუმცა, თუ ძალიან ბევრჯერ მოუსმენ ამ ბოლო დროს გავრცელებულ რეკლამას (ამაზე ვამბობ) შეიძლება დაიჯერო კიდეც, რომ სათაურს ყველაფერი კარგად  აქვს.
მოდით, ცოტა შორიდან მოვუაროთ. რა არის ვირუსი და რა არის ბაქტერია?  რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან? და შეიძლება თუ არა ბაქტერიამ გამოიწვიოს ვირუსი?

ვირუსი – ნაწილაკი, რომელიც  წარმოადგენს სიცოცხლის არაუჯრედულ ფორმას (მეცნიერების ერთი ნაწილის აზრით : გარდამავალი ფორმა ცოცხალსა და არაცოცხალს შორის) – ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, რომელსაც არ აქვს უჯრედი, სხვა ბიოლოგიური ორგანიზმებისგან განსხვავებით

  • ძალიან მცირე ზომის(20-400 ნმ)
  • ცხოველქმედებისთვის და გასამრავლებლად, სჭირდება ცოცხალი ორგანიზმის უჯრედში შესვლა.

ბაქტერია – ერთუჯრედიანი მიკროორგანიზმი.

  • ვირუსთან შედარებით დიდი ზომის
  • მათ უმეტესობას შეუძლია გარემოში არსებობა, სხვის უჯრედში შესვლის გარეშე

რა თქმა უნდა, არსებობს კიდევ უამრავი განსხვავება მათ შორის, მაგრამ ამ პოსტის მთავარი მიზანი არაა მათი შედარებითი დახასიათება, არამედ იმის განმარტება, რომ ვირუსი და ბაქტერია განსხვავებული, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორგანიზმები არიან. როგორც, მაგალითად ხვლიკი და ბუზი (ძალიან უხეში შედარებაა, მაგრამ თვალსაჩინოებისთვის).

შესაბამისად იმის თქმა, რომ ბაქტერიას შეუძლია გამოიწვიოს ვირუსი, არის ძალიან  დიდი სისულელე (თქვენ ხომ არ მოგივათ თავში თქვათ, რომ ხვლიკი იწვევს ბუზებს? ).

ამ პოსტის დაწერა, სწორედ ზევით მოცემულმა რეკლამამ შთამაგონა. როგორც ჩანს, კომპანია Hygel-ში, არ ყავთ შესაფერისი კადრი, რომელიც რეკლამის შემქმნელს აუხსნიდა განსხვავებას ვირუსსა და ბაქტერიას შორის (ან მეორე ვერსიაა, რომ კომპანიის კადრებმა ახალი, სკანდალური აღმოჩენა გააკეთეს მიკრობიოლოგიაში, თუმცა ეს ნაკლებსავარაუდოა), რაც მთავარია ჩემი ნაცნობი მედიკოსის შენიშვნისადმი კომპანიის ინტერნეტმესვეურები სრულიად შეუვალნი დარჩნენ. სამწუხაროა. კომპანია, რომელიც თავისი პროდუქტის გაყიდვას ცდილობს, წესით, თავს უნდა არიდებდეს, მსგავს ლაფსუსებს (მერე რა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 80% ვერც ხვდება რა სისულელეს ეუბნებიან ყოველ დღე ტელევიზორით).

ნიშნავს თუ არა ეს პოსტი იმას, რომ Hygel-ის ანტიბაქტერიულ გელს ეფექტი არ აქვს?
არა, რა თქმა უნდა. თუკი გელი ანტიბაქტერიულია, ის ნამდვილად დაგიცავთ ბაქტერიებისგან (რომლებიც ჩვენს გარემოში ძალიან ბევრია).  თუმცა იმის იმედი ნუ გექნებათ, რომ ანტიბაქტერიული ნივთიერება გრიპს ან სხვა ვირუსულ დაავადებას აგაცილებთ თავიდან :)

რა არის “ცოცხალი ორგანიზმი” ანუ ცოცხალის კრიტერიუმები

ბავშვობიდან ბევრი ცნება ისე მოგვყვება, რომ მათ არც ვუფიქრდებით. მაგალითად,რა არის ცოცხალი ორგანიზმი? როგორ ვარჩევთ ცოცხალს არაცოცხალისგან? რით ვხვდებით, რომ მორბენალი ცხენი “ცოცხალია”, ხოლო მანქანა – არა? რატომ გვასწავლიდნენ, რომ ხე და ბალახი “ცოცხალია”, ხოლო ქვა და წყალი – არა?
მეცნიერებმა ბევრი იფიქრეს და ბოლოს შეთანხმდნენ 5 ძირითად მახასიათებელზე, რომელიც განარჩევს ცოცხალს, არაცოცხალისგან.

1. წესრიგი – ყველა ორგანიზმი აგებულია ერთი ან მრავალი უჯრედისგან*, რომლებიც გარკვეული კანონზომიერებით არიან განლაგებული და დაკავშირებული ერთმანეთთან. იგივე, შეიძლება ითქვას უჯრედის შემადგენელ სტრუქტურებზე – ორგანელებზე, რომლებიც თავის მხრივ, ერთმანეთთან დაკავშირებული მოლეკულებისგან არიან აგებული და ა.შ.
2. გაღიზიანებადობა – არა, ეს სიტყვა არაა პირდაპირ კავშირში იმ “გაღიზიანებასთან”, რომელიც ჩვენ ვიცით. გაღიზიანებადობა ეს არის ორგანიზმის  უნარი უპასუხოს გარემოდან მოსულ სტიმულს. მაგალითად., მზე ანათებს(სტიმული) მცენარის ყლორტზე, რომელიც თავის მხრივ იზრდება (პასუხი) მისი მიმართულებით. ჩვენ გვესმის ხმა (სტიმული) და ვიხედებით მისი მიმართულებით (პასუხი) და ა.შ.
3. ზრდა, განვითარება და გამრავლება – ყველა ცოცხალ ორგანიზმს აქვს უნარი გაიზარდოს, განვითარდეს და გამრავლდეს. საკუთარის მსგავსის წარმოქმნა, გენების** გადაცემით, ყოველი ცოცხალის მახასიათებელი თვისებაა.
4.რეგულაცია – ყველა ცოცხალ ორგანიზმს აქვს მექანიზმები, რომლებიც ახდენენ ორგანიზმის შინაგანი ფუნქციების კოორდინაციას.  სხვანაირად რომ ვთქვათ, ყველა ორგანიზმს აქვს მექანიზმი, რომელიც მენეჯერივით, ანაწილებს ორგანიზმში “გასაკეთებელ საქმეს”  მის ნაწილებს შორის, ამ ნაწილების უნარების მიხედვით.
5. ჰომეოსტაზი – სიტყვამ არ შეგაშინოთ :) ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი არის შედარებით მდგარდ, მუდმივ კონდიციაში, რომელიც განსხვავდება მისი გარემოსგან. მაგალითად, ჩვენ გვაქვს მეტ-ნაკლებად მუდმივი ტემპერატურა (36,6°c), შედარებით მუდმივი წნევა, ჩვენს სისხლს აქვს შედარებით მუდმივი შემადგენლობა. სწორედ ამ შედარიბითი მუდმივობის შენარჩუნებას ეწოდება ჰომეოსტაზი. ( სიტყვათშეთანხმება “შედარებითი მუდმივობა” გამოიყენება სპეციალურად, იმის აღსანიშნად, რომ ჩვენი სხეულის [ისევე, როგორც ყველა სხვა ცოცხალი ორგანიზმის] მაჩვენებლები სხვა და სხვა სიტუაციაში მერყეობს გარკვეულ ფარგლებში).

აი, სულ ესაა. თუ რამე აკმაყოფილებს ყველა ამ პირობას, ის ნამდვილად “ცოცხალია” :)
იმედი მაქვს, ყველაფერი გასაგები და მარტივად აღსაქმელია, თუ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები, მოგვწერეთ კომენტარებში.

წყარო: Raven, Johnson – Biology, 6thed.

*უჯრედი – ცოცხალ ორგანიზმთა უმეტესობის აგებულების ერთეული
**გენი – მოლეკულა, რომელიც შეიცავს მემკვიდრულ ინფორმაციას.

გამარჯობა, სამყაროვ!

აი, ასე არაორიგინალურად მსურს დავიწყო ჩემი კიდევ ერთი, ამჯერად თემატური, ბლოგი.

ისე მოხდა, რომ ცხოვრების მე-8 წელია სამედიცინო სფეროში ვარ და როგორც ჩანს, ცხოვრების ბოლომდე აქ ვიქნები. ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი დიდი ხნის ჩანაფიქრი ამესრულებინა და გამეკეთებინა ბლოგი იმაზე რასაც ვაკეთებ და ხან და ხან  მომწონს კიდევაც :) .

მინდა ბლოგი მოიცავდეს ისეთ თემებს, რომლებიც დააინტერესებს როგორც სტუდენტებს და ექიმებს, ასევე ჩვეულებრივ ადამიანებს. აქ იქნება პოსტები არა მხოლოდ  მედიცინაზე, არამედ ანატომიაზე, უჯრედის ბიოლოგიაზე,  გენეტიკაზე, ქიმიაზე და ა.შ.  რა თქმა უნდა, ყველა თემას ორი ავტორი (და ამ მომენტისთვის ორნი ვართ) ვერ გავწვდებით, ამიტომ დიდი სიხარულით მივიღებ ადამიანებს, რომლებსაც თავისი ცოდნის გაზიარება მოუნდება ჩვენთვის.

იმისთვის, რომ წეროთ ჩვენს ბლოგზე:

თქვენ კარგად უნდა იცნობდეთ იმ საბუნებისმეტყველო სფეროს, რომელზეც დაწერთ, უნდა შეგეძლოთ კარგად და გასაგებად წერა და ყოველთვის უნდა მიუთითოთ იმ ფაქტების წყაროები, რომელსაც ეყრდნობით.  გარდა ამისა, მინდა გაითვალისწინოთ ის აუდიტორია, რომლისთვისაც წერთ. საგანმანათლებლო პოსტების უმეტესობა იქნება გამიზნული არასამედიცინო განათლების ადამიანებზე (დამეთანხმებით, რომ სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტი და ექიმი, ჩვენი დახმარების გარეშეც ნახავს ინფორმაციას მაგ., ალერგიაზე), ამიტომ  ინფომრაციის მოწოდების ფორმა უნდა იყოს შესაბამისი. გახსოვდეთ, რომ ყველამ არ იცის რა არის ანაფილაქსიის ეოზინოფილური ქემოტაქსის ფაქტორი.

 

გარდა ამისა, მინდა ბლოგზე ვწეროთ სტუდენტურ ცხოვრებაზე, უნივერსიტეტებზე, სტიპენდიებზე, პროგრამებზე, წიგნებზე, სწავლის გაგრძელების პერსპექტივებზე და ა.შ. საკმაოდ ბევრი ჩანაფიქრი მაქვს და იმედია, მათ შესრულებას გავწვდები.

 

თუ გაქვთ რამე იდეა, შემოთავაზება ან სულაც პრეტენზია, შეგიძლიათ მოგვწეროთ კომენტარებში ან მეილზე:  scrubpress[@]gmail.com

Follow

Get every new post delivered to your Inbox.